ამ წამს თქვენ თავში ფილმია გაშვებული. ეს საოცარი მრავალნაკადიანი ფილმია. ის სამგანზომილებიანია, სივრცული ხმით, იმაზე რასაც ხედავთ და გესმით ამჟამად. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. თქვენს ფილმს აქვს სუნი, გემო და შეხება. მას აქვს თქვენი სხეულის შეგრძნება, ტკივილი, შიმშილი, ორგაზმი. მას აქვს ემოციები, სიბრაზე და ბედნიერება. მას აქვს მეხსიერება. მაგალითად თქვენი ბავშვობის მოგონებები, რომელიც გახსენდებათ. და მას ახლავს მუდმივი ხმა, ცნობიერების თქვენ ნაკადში. ამ ფილმის შუაგულში თქვენ ხართ, რომელიც ამ ყველაფერს უშუალოდ გამოცდით. ეს ფილმი თქვენი ცნობიერების ნაკადია. სუბიექტი, რომელიც გონებას და მსოფლიოს შეიგრძნობს. ცნობიერება ადამიანის არსებობის, ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტია. ყოველი ჩვენგანი ცნობიერია. ჩვენ ყველას გვაქვს საკუთარი შიდა ფილმი. თქვენც, თქვენც და თქვენც, სხვა არაფერთან გვაქვს ამაზე უშუალო შეხება. სულ ცოტა საკუთარ ცნობიერებასთან უშუალო შეხებაში ვარ, დარწმუნებული არ ვარ თქვენ ცნობიერებაზე. ცნობიერება ასევე ისაა, რაც ღირებულს ხდის ცხოვრებას. ცნობიერები რომ არ ვიყოთ, არაფერს ექნებოდა აზრი და ფასი ჩვენ ცხოვრებაში. მაგრამ ამავე დროს, ცნობიერება ყველაზე იდუმალი მოვლენაა სამყაროში. რატომ ვართ ცნობიერები? რატომ გვაქვს ეს შიდა ფილმი? რატომ არ ვართ უბრალოდ რობოტები, რომლებიც ყველა შემავალ სიგნალს ამუშავებენ და საპასუხო რეაქციას აბრუნებენ, რამე შიდა ფილმის შეგრძნების გარეშე? ამჟამად ამ კითხვებზე პასუხი არავინ იცის. მინდა გითხრათ, რომ ცნობიერების მეცნიერებაში ინტეგრირებისთვის, გარკვეული რადიკალური იდეები შეიძლება იყოს საჭირო. ზოგი ამბობს, რომ ცნობიერების მეცნიერული შესწავლა შეუძლებელია. მეცნიერება თავისი არსით ობიექტურია. ცნობიერება კი, თავისი არსით - სუბიექტური. ამიტომ შეუძლებელია არსებობდეს ცნობიერების მეცნიერება. მე-20 საუკუნეში უმეტესად ეს მოსაზრება დომინირებდა. ფსიქოლოგები ქცევებს ობიექტურად იკვლევდნენ, ნეირომეცნერები ტვინს ობიექტურად იკვლევდნენ და ცნობიერებას არავინ არც კი ახსენებდა. 30 წლის წინაც კი, როცა TED შეიქმნა, ძალიან ცოტა სამეცნიერო მასალა არსებობდა ცნობიერებაზე. დაახლოებით 20 წლის წინ, ამ ყველაფრის ცვლილება დაიწყო. ფრანსის კრიკისნაირმა ნეირომეცნიერებმა როჯერ პენროუზისნაირმა ფიზიკოსებმა თქვეს, რომ დროა მეცნიერებამ ცნობიერებას შეუტიოს. მას შემდეგ, ცნობიერებაზე სამეცნიერო მუშაობის ნამდვილი ბუმი დაიწყო. ეს მუშაობა შესანიშნავი და დიდებულია, მაგრამ მას ასევე ზოგიერთი ფუნდამენტური შეზღუდვა ახასიათებს ჯერ-ჯერობით. ბოლო წლებში ცნობიერების მეცნიერებაში მთავარი მიმართულება არის კორელაციების ძიება. კორელაციების ძიება ტვინის გარკვეულ უბნებს და ცნობიერების გარკვეულ მდგომარეობებს შორის. ჩვენ ეს ვნახეთ, ნენსი კენვიშერის შესანიშნავ ნაშრომში, რომელიც მან რამდენიმე წუთის წინ წარმოადგინა. ამჟამად ჩვენ ბევრად უკეთ ვიცით, მაგალითად, ტვინის ის ნაწილები, რომლებიც სახეების დანახვის ცნობიერ შეგრძნებებს შეესბამება, ან ტკივილის შეგრძნებებს, ან ბედნიერების განცდებს. მაგრამ ეს ისევ კორელაციების მეცნიერებაა. ეს არაა ახსნების მეცნიერება. ჩვენ ვიცით, რომ ტვინის ეს ნაწილები გარკვეულ ცნობიერ გამოცდილებას შეესაბამება, მაგრამ არ ვიცით რატომაა ასე. ამაზე ვამბობ ხოლმე, რომ ასეთი ნეირომეცნიერება პასუხსობს ზოგიერთ კითხვებს, რომლებიც გაგვაჩნია ცნობიერებაზე. კითხვებს იმაზე, თუ რას აკეთებენ ტვინის გარკვეული უბნები და რასთან არიან კორელაციაში, მაგრამ გარკვეული აზრით, ეს მარტივი პრობლემებია. ნეირომეცნიერებს არ ვაკნინებ. სინამდვილეში ცნობიერებაში არ არსებობს მარტივი პრობლემები, მაგრამ ეს კვლევები არ ეხმიანება რეალურ იდუმალებას, რომელიც მთავარია ამ საკითხში: რატომ უნდა ახლავდეს ტვინში ყველა ფიზიკური პროცესს საერთოდ ცნობიერება? რატომ არსებობს ეს შიდა სუბიექტური ფილმი? ამჟამად ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს წარმოდგენა ამაზე. თქვენ შეიძლება თქვათ, მივცეთ ნეირომეცნიერებას რამდენიმე წელი და აღმოჩნდება, რომ ეს ელემენტებისგან წარმოქმნილი მორიგი გაუთვალისწინებელი მოვლენაა, როგორც საცობები, ან ქარიშხალი, როგორც სიცოცხლე და ასე გავარკვევთ. ასეთი გაუთვალისწინებელი მოვლენის კლასიკური შემთხვევები ყველა ქცევითია, როგორ იქცევა საცობი, როგორ ფუნქციონირებს ქარიშხალი, როგორ მრავლდებიან ცოცხალი ორგანიზმები, როგორ განიცდიან ადაპტაციას და მეტაბოლიზმს. ყველა კითხვა ობიექტურ ფუნქციონირებაზეა. შეიძლება ეს ადამიანის ტვინზე გამოიყენო, რაღაც ქცევების და ადამიანის ტვინის ფუნქციების, როგორც გაუთვალისწინებელი მოვლენის ასახსნელად: როგორ დავდივართ, როგორ ვლაპარაკობთ, როგორ ვთამაშობთ ჭადრაკს, ქცევების შესახებ ყველა ამ კითხვის საპასუხოდ. მაგრამ როცა საქმე ცნობიერებაზე მიდგება, კითხვები ქცევაზე, მარტივ პრობლემებს ეკუთვნის. როცა საქმე რთულ პრობლემაზე მიდგება, ანუ კითხვაზე თუ რატომ ახლავს ყველა ამ ქცევას სუბიექტური გამოცდილება? და აქ უკვე გაუთვალისწინებელი მოვლენის სტანდარტული პარადიგმა, ასევე ნეირომეცნიერების სტანდარტული პარადიგმებიც, ხელშესახებს ვერაფერს გვეუბნება. მე სულით მეცნიერ-მატერიალისტი ვარ. მსურს არსებობდეს ცნობიერების მეცნიერული თეორია, რომელიც მუშაობს და დიდი ხნის მანძილზე კედელს ვურტყამდი თავს, რომ ცნობიერების თეორია შემექმნა, წმინდა ფიზკურ ტერმინებში, რომელიც იმუშავებდა. მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს სისტემატური პრობლემების გამო არ გამოდის. ეს გრძელი ისტორიაა, მაგრამ ძირითადი აზრი ისაა, რომ გამამარტივებელი ახსნები ფიზკიკურ ტერმინებში, ტვინის ტერმინებში, არის სისტემის ფუნქციონირებაზე, მის სტრუქტურაზე და დინამიკაზე, ქცევაზე რომელსაც ის წარმოშობს, მშევნიერია მარტივი პრობლემების გადასაჭრელად... როგორ ვიქცევით, როგორ ვფუნქციონირებთ, მაგრამ როცა საქმე სუბიექტურ გამოცდილებას ეხება... რატომ ვგრძნობთ ამას, როგორც რაღაცას შიგნიდან? ეს რაღაც ფუნდამენტურად ახალია და ყოველთვის ჩნდება ახალი კითხვა. ამიტომ ვფიქრობ გარკვეულ ჩიხში ვართ. ჩვენ მიჩვეული ვართ ახსნების შესანიშნავ ჯაჭვს, როცა ფიზიკა ხსნის ქიმიას, ქიმია ხსნის ბიოლოგიას, ბიოლოგია ხსნის ფსიქოლოგიის ნაწილებს, მაგრამ ცნობიერება ამ სურათში ვერ თავსდება. ერთის მხრივ, მოცემულობაა, რომ ჩვენ ცნობიერები ვართ. მეორეს მხრივ, ჩვენ არ ვიცით როგორ ჩავსვათ ის მსოფლიოს ჩვენ მეცნიერულ წარმოდგენაში. ვფიქრობ, რომ ამჟამად ცნობიერება გარკვეული ანომალიაა. ისეთი, რომლის ინტერგაციაც მსოფლიოს ჩვენეულ წარმოდგენაში უნდა მოვახდინოთ მაგრამ ჯერ არ ვიცით როგორ. როცა ასეთ ანომალიას ვეჯახებით, რადიკალური იდეები შეიძლება გახდეს საჭირო. და მგონი გვჭირდება ერთი-ორი ისეთი იდეა, რომელიც თავიდან გიჟური ჩანს სანამ ცნობიერებას მეცნიერულად ავხსნით. არსებობს ამ გიჟური აზრების რამდენიმე კანდიდატი. ჩემს მეგობარს დენ დენეტს, რომელიც აქ არის, აქვს ასეთი იდეა. მისი გიჟური იდეაა, რომ არ არსებობს ცნობიერების რთული პრობლემა. შიდა სუბიექტური ფილმის მთელი იდეა რაღაც ტიპის ილუზიით, ან გაუგებრობითაა განპირობებული. რისი ახსნაც ჩვენ სინამდვილეში გვჭირდება არის ობიექტური ფუნქციონალობა და ტვინის ქცევა და ყველაფერი ახსნილი იქნება, რისი ახსნაცაა საჭირო. მე მას წარმატებას ვუსურვებდი. ეს ისეთი რადიკალური იდეაა, რომელიც უნდა გამოვიკვლიოთ, თუ გვინდა, რომ ტვინის დონეზე დაყვანილი ცნობიერების თეორია გვქონდეს. ამავდროულად, ჩემთვის და სხვა ბევრისთვის, ეს წარმოდგენა ზემდეტად ახლოსაა ცნობიერების მოცემულობის უარყოფასთან, იმისთვის რომ ამით დავკმაყოფილდეთ. ამიტომ მე სხვა მიმართულებით მივდივარ. დარჩენილ დროში, მინდა ორი გიჟური იდეა განვიხილო, რომლებიც ვფიქრობ გარკვეული იმედის მომცემია. პირველი გიჟური იდეაა, რომ ცნობიერება ფუნდამენტური მოვლენაა. ფიზიკოსები ზოგჯერ სამყაროს ზოგიერთ ასპექტს, მის ფუნდამენტურ შემადგენელ ნაწილად იღებენ: სივრცე, დრო და მასა. ისინი აყალიბებენ ფუნდამენტურ კანონებს, რომელიც მათ მართავს, როგორც გრავიტაციის კანონი, ან ქვანტური მექანიკა. ეს ფუნდამენტური თვისებები და კანონები, არ აიხსნება რამე უფრო საბაზისო დონეზე, არამედ ისინი მიღებულია, როგორც პირიმიტიული და შემდეგ მასზე აგებ სამყაროს სურათს. პერიოდულად, ამ ფუნდამენტური სიდიდეების რაიდენობა იზრდება. მე-19 საუკუნეში მაქსველმა აღმოაჩინა, რომ ელექტრომაგნიტური მოვლენის ახსნა არსებული ფუნდამენტური სიდიდეებით, სივრცით, დროით, მასით, ნიუტონის კანონებით, შეუძლებელია. ამიტომ მან ჩამოაყალიბა ელექტრომაგნიტურობის ფუნდამენტური კანონები და ელექტრული მუხტი, როგორც ფუნდამენტური ელემენტი, რომელსაც ეს კანონები მართავენ. ვფიქრობ, ეს მდგომარეობა გვაქვს ცნობიერებასთან მიმართებაშიც. თუ ცნობერებას ვერ ვხსნით არსებული ფუნდამენტური სიდიდეებით სივრცე, დრო, მასა, მუხტი... მაშინ ლოგიკის ძალით, ეს სია უნდა გავაფართოვოთ. ბუნებრივი იქნებოდა ცნობიერება, თავად მიგვეღო, როგორც ფუნდამენტური მოვლენა. ბუნების ფუნდამენტური სტრუქტურის ნაწილი. ეს არ ნიშნავს, რომ მას მეცნიერებაში ვეღარ გამოიყენებ. ეს მისი მეცნიერულად შესწავლის გზას ხსნის. ამის შემდეგ ჩვენ გვჭირდება ცნობიერების მმართავი ფუნდამენტური კანონების შესწავლა. კანონების, რომელიც ცნობიერებას აკავშირებს სხვა ფუნდამენტურ სიდიდეებთან: სივრცე, დრო, მასა, ფიზიკურ პროცესებთან. ფიზიკოსები ზოგჯერ ამბობენ, რომ ფუნდამენტური კანონები ისეთი მარტივი უნდა იყოს, რომ მათი დაწერა მაისურზე შეიძლებოდეს. ვფიქრობ, დაახლოებით ეს მდგომარეობა გვაქვს ცნობიერებასთან მიმართებაში. ისეთი მარტივი ფუნდამენტური კანონები უნდა აღმოვაჩინოთ, რომ მათი დაწერა მაისურზე შეიძლებოდეს. ჩვენ ჯერ არ ვიცით ეს კანონები, მაგრამ ესაა, რასაც ვეძებთ. შემდეგი გიჟური იდეაა, რომ ცნობიერება შეიძლება უნივესრალური იყოს. ყველა სისტემას შეიძლება ჰქონდეს ცნობიერება რაღაც დოზით. ამ წარმოდგენას ზოგჯერ პანფსიქიზმს უწოდებენ: "პან" - ყველა და "ფსიქ" - გონება, ყველა სისტემა ცნობიერია, არა მხოლოდ ადამიანები, ძაღლები, თაგვები, ბუზები, არამედ რობ ნაითის მიკრობებიც კი, ელემენტარული ნაწილაკები. ფოტონებსაც კი აქვთ რაღაც დოზით ცნობიერება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფოტონებს ინტელექტი აქვთ, ან აზროვნებენ. ისე არ არის, რომ ფოტონი მღელვარებისგან განადგურებულია, რადგან ფიქრობს: "აჰ, მე ყოველთვის სინათლის სიჩქარით დავფრინავ. ვერასდროს ვანელებ, რომ ვარდები დავყნოსო." არა, ასე არ არის. მაგრამ აზრი ისაა, რომ ფოტონებს შეიძლება რაღაც დოზით ჰქონდეთ სუბიქეტური გრძნობები. რაღაც პრიმიტიული წინაცნობიერების მაგვარი. ეს შეიძლება ცოტა სულელურად ჟღერდეს. რატომ უნდა ფიქრობდეს ვიღაც ასეთ გიჟურ რამეს? ამის ნაწილობრივი მიზეზია პირველი გიჟური იდეა, რომ ცნობიერება ფუნდამენტურია. თუ ფუნდამენტურია, როგორც სივრცე, დრო და მასა, ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ შეიძლება უნივერსალურიც იყოს, როგორც ისინი. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ მართალია ეს იდეა არაინტუიციურად გვეჩვენება, მაგრამ ის ნაკლებად არაინტუიციურია სხვა კულტურების ხალხისთვის, სადაც ადამიანის ტვინი გაცილებით უფრო შერწყმულია ბუნებასთან. ამ იდეის უფრო სიღრისეული მიზეზია, რომ ალბათ ცნობიერების ფიზიკურ პროცესებთან დამაკავშირებელი ფუნდამენტური კანონების აღმოჩენის ყველაზე მარტივი და ქმედითი გზა, ცნობიერების ინფორმაციასთან დაკავშირებაა. სადაც ინფორმაციის დამუშავება ხდება, იქაა ცნობიერებაც. ინფორმაციის რთული დამუშავება, როგორც ადამიანში, რთულ ცნობიერებას შეესაბამება. მარტივი ინფორმაციის დამუშავება, მარტივ ცნობიერებას. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში ნეირომეცნიერმა, ჯულიო ტონონიმ, მსგავსი თეორია აიტაცა და მათემატიკურ თეორიასთან მისი დეტალური შერწყმა განახორციელა. მან ინფორმაციის ინტეგრაციის მათემატიკური ზომა შემოიღო, რომელსაც "ფი" დაარქვა, რომელიც სისტემაში ინტეგრირებულ ინფორმაციის რაოდენობას ზომავს. ტონონი ვარაუდობს რომ "ფი" ცნობიერების დონეებს შეესაბამება. მაგალითად, ადამიანის ტვინი, არის წარმოუდგენლად დიდი ინფორმაციის ინტეგრაცია და "ფი"-ს სიდიდეც მაღალია, უმაღალესი დონის ცნობიერებით. თაგვში, საშუალო ინფორმაციის ინტეგრაციაა, მაინც მნიშვნელოვანია, საკმაო ცნობიერებით. მაგრამ როცა ქვედა დონეზე ჩადიხართ, ჭიების, ან მიკრობების, ნაწილაკების დონეზე, "ფი"-ს სიდიდე ეცემა. ინფორმაციის ინტეგრაცია ეცემა, მაგრამ ნოლი მაინც არ არის. ტონონის თეორიის თანამხად, ცნობიერების დონე, მაინც არანულოვანი იქნება. პრაქტიკულად ის გვთავაზობს ცნობიერების ფუნდამენტურ კანონს: მაღალი "ფი" - მაღალი ცნობიერება. არ ვიცი ეს თეორია სწორია თუ არა, მაგრამ ეს ალბათ ცნობიერების მეცნიერებაში წამყვანი თეორიაა ამჟამად და ის მთელი რიგი მეცნიერული მონაცემების ინტეგრირებისთვის გამოიყენება და მაისურზე დასაწერადაც საკმარისად მარტივია. კიდევ ერთი საბოლოო მიზეზი იმისა, რომ პანფსიქიმზი შეიძლება დაგვეხმაროს ცნობიერების ფიზიკურ სამყაროში ინტეგრირებისთვის. ფიზიკოსები და ფილოსოფოსები ხშირად ამჩნევენ, რომ ფიზიკა საოცრად აბსტრაქტულია. ის ფორმულების გროვით აღწერს რეალობას, თუმცა არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რა უდევს საფუძვლად. როგორც სტივენ ჰოკინდი ამბობს: "რა აცოცხლებს ამ ფორმულებს?" პანფსიქიზმის გადმოსახედიდან, ფიზიკის ფორმულები შეგვიძლია დავტოვოთ როგორც არის და გამოვიყენოთ ისინი ცნობიერების ნაკადის აღსაწერად. ესაა რასაც ფიზიკა საბოლოო ჯამში აკეთებს. აღწერს ცნობიერების ნაკადს. ამ წარმოდგენით, ცნობიერება აცოცხლებს ფორმულებს. ამ წარმოდგენით ცნობიერება არ გადის ფიზიკური სამყაროს გარეთ, როგორც რაღაც გარეშე მოვლენა. ის იქვეა მის შუაგულში. ვფიქრობ პანფსიქიზმს აქვს პოტენციალი შეცვალოს ბუნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. მას შეიძლება საკმაოდ სერიოზული სოციალური და ეთიკური შედეგებიც მოყვეს. ზოგიერთი მათგანი შეიძლება არაინტუიციური იყოს. მე ვფიქრობდი, რომ არ უნდა მეჭამა ისეთი რამ, რასაც ცნობიერება გააჩნია. შესაბამისად ვეგეტარიანელი უნდა ვიყო. მაგრამ თუ პანფსიქისტი ხართ და იგივე წარმოდგენა გაქვთ, ძალიან მშიერი დარჩებით. ამიტომ, რომ დავფიქრეთ, ეს ჩვენს წარმოდგენებს შეცვლის, ეთიკური და მორალური მსჯელობისას, მნიშვნელობა ექნება არა იმდენად ცნობიერების ფაქტს, არამედ მის ხარისხს და სირთულეს. ასევე ბუნებრივია დავინტერესდეთ ცნობიერებით სხვა სისტემებშიც, მაგალითად კომპიუტერში. ხელოვნური ინტელექტის სისტემებში ფილმში "ის", სამანტა ცნობიერია? თუ ინფორმაციულ, პანფსიქიკურ ხედვას იზიარებთ, მას ნამდვილად აქვს რთული ინფორმაციის დამუშავება და ინტეგრაცია, პასუხიც დიდი ალბათობით იქნება, რომ დიახ, ის ცნობიერია. თუ ეს მართალია, ეს სერიოზულ ეთიკურ პრობლემებს აღძრავს როგორც ინტელექტის მქონე კომპიუტერების შექმნის ისე მათი გამორთვის საქმეში. ბოლოს, შეიძლება ვიკითხოთ მთელი ჯგუფების ცნობიერებაზე, პლანეტის ცნობიერებაზე. აქვს თუ არა კანადას მისი საკუთარი ცნობიერება? ან უფრო ლოკალურ დონეზე, ურთიერთქმედ ჯგუფს, როგორც TED კონფერეცნიის მაყურებლებს. გვაქვს ამ წამს კოლექტიური TED ცნობიერება, შიდა ფილმი კოლექტიური TED ჯგუფისთვის, რომელიც განსხვავდება თითოეული ჩვენგანის შიდა ფილმისგან? მე არ ვიცი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ ვფიქრობ ღირს მაინც, ის სერიოზულად მივიღოთ. მაშ, ეს პანფსიქიკური ხედვა რადიკალურია და არ ვიცი სწორია თუ არა. მე პრინციპში დარწმუნებული უფრო პირველ გიჟურ იდეაში ვარ, რომ ცნობიერება ფუნდამენტურია, ვიდრე მეორეში, რომ ის უნივერსალურია. ეს ხედვა უამრავ კითხვას და უამრავ გამოწვევას აღძრავს, როგორც მაგალითად, როგორ ერთიანდებიან ეს თითოეული პატარა ცნობიერებები დიდ რთულ ცნობიერებაში, რომელიც ჩვენ ვიცით და გვიყვარს. თუ ჩვენ ამ კითხვებს ვუპასუხებთ, მაშინ ვფიქრობ ცნობიერების სერიოზული თეორიის შექმნის გზაზე ვიქნებით, თუ არა და ეს ალბათ ყველაზე რთული პრობლემაა მეცნიერებასა და ფილოსოფიაში. შეუძლებელია მისი ერთ ღამეში გადაწყვეტა, მაგრამ ვფიქრობ საბოლოოდ მას გადავწყევტთ. ცნობიერების ახსნა, ვფიქრობ, საკვანძო საკითხია, როგორც სამყაროს, ისე საკუთარი თავის შეცნობისთვის. შეიძლება ამისთვის მხოლოდ ერთი სწორი გიჟური იდეა დაგვჭირდეს. მადლობა (აპლოდისმენტები)