(მუსიკა) დაახლოებით 43 000 წლის წინ, გამოქვაბულის ახალგაზრდა დათვი ბორცვებიან მინდორში მოკვდა, დღევანდელი სლოვენიის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან. ათასი წლის შემდეგ, სამხრეთ გერმანიაში მამონტი მოკვდა. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი, გრიფონიც მოკვდა იმავე ადგილას. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ როგორ შეხვდნენ ისინი სიკვდილს, თუმცა, ეს განსხვავებული ქმნილბები სხვადასხვა გარემოში და დროში ერთ საერთო აღსანიშნავ ბედს იზიარებდნენ. მათი სიკვდილის შემდეგ, თითეულის ჩონჩხის ძვლისგან, ადამიანმა თავისი ხელით შექმნა ფლეიტა. ერთი წამი დავფიქრდეთ ამაზე. წარმოიდგინეთ, რომ ხართ 40 000 წლის წინანდელი პირველყოფილი ადამიანი, თქვენ დაახელოვნეთ ცეცხლი. ნადირობისთვის შექმენით მარტივი იარაღები. ზამთარში თბილად რომ იყოთ, ცხოველის ტყავისგან ისწავლეთ ტანსაცმლის გაკეთება. რისი გაკეთება მოგინდებოდათ შემდეგ? წარმოუდგენელია, რომ შემდეგ ფლეიტას გამოიგონებდით, ინტრუმენტი, რომელიც ჰაერის მოლეკულებში უსარგებლო ვიბრაციას ქმნის. თუმცა, სწორედაც რომ ეს გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა. საერთოდ, აღმოჩნდა, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ამბავი ყოფილა ინოვაციების ისტორიაში. ხანდახან ადამიანები საგნებს იმისთვის იგონებენ, რომ ცოცხლები გადარჩნენ, ან შვილები გამოკვებონ, ან სულაც გვერდითა სოფელი დაიპყრონ. მაგრამ, ასევე ხშირად სამყაროში ახალი იდეები უბრალოდ გართობის მიზნით იქმნება და აი უცნაური ამბავი: თითქოს ამ უაზრო და გასართობი გამოგონებებიდან, ბევრი გარდამტეხ ცვლილელებას დაედო საფუძვლად მეცნიერებაში, პოლიტიკაში და საზოგადოებაში. ავიღოთ თანამედროვე სამყაროს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება: პროგრამირებადი კომპიუტერი. ჩვეულებრივ ამბობენ, რომ კომპიუტერი სამხედრო ტექნოლოგიიდან წარმოიშვა, რადგან ბევრ კომპიუტერს ომის დროს კოდების გასატეხად, ან რაკეტის ტრაექტორიის გამოსათვლელად ქმნიდნენ. სინამდვილეში კი, კომპიუტერის სათავე ბევრად უფრო მხიარული, მუსიკალურიც კია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ფლეიტის იდეამ, რომ უბრალოდ ჰაერის ჩაბერვით ხმა გამოეცათ, საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა პირველი ორღანის შექმნას, რაც 2 000 წლის წინ მოხდა. ვიღაცას კლავიშებზე თითების დაჭერით ხმის გამოცემის შესანიშნავი იდეა მოუვიდა და ასე შეიქმნა პირველი მუსიკალური კლავიატურა. კლავიატურა განვითარდა ორღანიდან კლავიკორდამდე და კლავისინამდე, შემდეგ კი ფორტეპიანომდე. ეს იყო მე-19 საუკუნის 50-იან წლებამდე, სანამ გამომგონებლებს აზრი მოუვიდათ, რომ კლავიატურა გამოეყენებინათ არა ჟღერადობისთვის, არამედ საწერად. საინტერესოა, რომ პირველ საბეჭდ მანქანას თავიდან "საწერი კლავისინი" ერქვა. ფლეიტამ და მუსიკამ კიდევ უფრო დიდ აღმოჩენებამდე მიგვიყვანეს. დაახლოებით 1 000 წლის წინ, ისლამური რენესანსის აღზევებისას, ბაღდათში, სამმა ძმამ შექმნა მოწყობილობა, ავტომატური ორღანი. თავის გამოგონებას დაარქვეს: "ინსტრუმენტი, რომელიც თავისით უკრავს". ინსტრუმენტი უზარმაზარ მუსიკალურ ყუთს წარმოადგენდა. ორღანს სხვადასხვა მუსიკის დაკვრა შეეძლო, სხვადასხვა კოდის მეშვეობით, რომლებიც მბრუნავ ცილინდრზე, ქინძისთავის დამაგრებით იქმნებოდა. მაგალითად, თუ სიმღერის შეცვლა მოგინდებოდათ, უბრალოდ შეცვლიდით ცილინდრს, რომელსაც სხვა კოდი ექნებოდა. ამ ტიპის ინტრუმენტებში, ეს იყო პირველი გამოგონება. ის იყო პროგრამირებადი. კონცეპტუალურად, ეს უზარმაზარი ნაბიჯი იყო. ამ პირველი გამოგონებით, უკვე შეიძლებოდა ფიქრი კომპიუტერებსა და პროგრამებზე. ეს საოცრად ძლიერი კონცეპცია არ შექმნილა ომის იარაღად, ან დასაპყრობ საშუალებად, ან თუნდაც საჭიროებიდან გამომდინარე. ის მოვიდა იმ უცნაური სიამოვნებისგან, რომელსაც მუსიკალური მოწყობილობა ანიჭებდა ხალხს. ზოგადად პროგრამირებადი მოწყობილობების იდეას, მხოლოდ მუსიკა აცოცხლებდა დაახლოებით 700 წლის განმავლობაში. 1700-ში მუსიკალური მოწყობილობები, პარიზელი ელიტის გასართობი საშუალება გახდა. "შოუმენები" მსგავს კოდირებულ ცილინდრს იყენებდნენ, რომ ავტომატური ტექნიკის, ანუ ადრეული რობოტების მოძრაობები ემართათ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რობოტი, ალბათ გამოიცნობდით, ავტომატური ფლეიტისტი გახლდათ, რომელიც შესანიშნავმა ფრანგმა გამომგონებელმა ჟაკ დე ვოკანსონმა შექმნა. დე ვოკანსონს, რობოტი მუსიკოსების შექმნის პროცესში, ახალი იდეა დაებადა. თუ შეიძლება, რომ პროგრამულად მოწყობილობას მუსიკა დააკვრევინო, რატომ არ შეიძლება მას პროგრამულად სხვადასხვა ფერებით ქსოვილი შეაქმნევინო? იმის მაგივრად, რომ ქინძისთავებმა ცილინდრზე ჟღერადობა გამოსცენ, ისინი ქსოვილს შექმნიდნენ სხვადასხვა ფერის ძაფებისგან. თუ განსხვავებული მოხატულობის ქსოვილი მოგინდებოდათ, უბრალოდ ახალ ცილინდრს დააპროგრამირებდით. ეს იყო პირველი პროგრამირებადი საქსოვი დაზგა. ცილინდრის გაკეთება ძვირი ჯდებოდა და დიდ დროს მოითხოვდა, მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ, სხვა ფრანგმა გამომგონებელმა, სახელად ჟაკარდმა, გენიალურად მოიფიქრა, მეტალის ცილინდრის მაგივრად, ქაღალდის დაშტამპული ბარათების, ე.წ. პერფობარათების გამოყენება. დასაპროგრამებელ საშუალებად, ქაღალდი ბევრად იაფი და მოქნილი გამოდგა. პერფობარათმა ვიკტორიანელ გამომგონებელ ჩარლს ბებიჯს შთააგონა, რომ შეექმნა ანალიტიკური მანქანა, რომელიც პირველი ნამდვილი პროგრამირებადი კომპიუტერი იყო, რაც კი ოდესმე შექმნილა. პერფობარათები კი, კომპიუტერის დასაპროგრამირებლად 1970 წლებაშიც გამოიყენებოდა. მაშ, მოდით ვკითხოთ საკუთარ თავს: რამ გახადა თანამედროვე კომპიუტერის შექმნა შესაძლებელი? კი, რა თქმა უნდა, სამხედრო ჩართულობამ დიდი როლი ითამაშა. თუმცა, მის შექმნაში ასევე სხვა მნიშვნლეოვანი ნაწილებიცაა: მუსიკალური ყუთები, სათამაშო რობოტი ფლეიტისტები, კლავისინის კლავიატურები, ძაფებისგან შექმნილი ქსოვილები და ეს მთელი ისტორიის მხოლოდ პატარა ნაწილია. არსებობს გასართობი იდეების და ტექნოლოგიების უსასრულო სია, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს: სახელმწიფო მუზეუმებზე, რეზინზე, ალბათობის თეორიაზე, სადაზღვეო ბიზნესზე და სხვა მრავალზე. გენიალური გამოგონების საფუძველი ყოველთვის საჭიროება არაა. გართობაზე ორიენტირებული გონება არსებითად ცნობისმოყვარეა, ის ჩვენ გარშემო ახალ შესაძლებლობებს ეძებს და ეს ძიების პროცესია, რატომაც ბევრი გამოცდილება, რომელიც მარტივი სიამოვნებიდან და გართობიდან დაიწყო, საბოლოოდ დიდ მიღწევებამდე მიგვიყვანა. ჩემი აზრით, ამას კავშირი აქვს იმასთან, თუ როგორ ვასწავლით ბავშვებს სკოლაში და როგორ ვახალისებთ ინოვაციას ჩვენ სამსახურებში. გარდა ამისა, მხიარული და სასიამოვნო მიდგომა, გვეხმარება გავიგოთ, თუ რა გველის შემდეგ. წარმოიდგინეთ, რომ 1750 წელში ხართ, ცდილობთ გაიგოთ, თუ რა ცვლილებები ელის საზოგადოებას მე-19, მე-20 საუკუნეებში, ავტომატური მექანიზმები, კომპიუტერები, ხელოვნური ინტელექტი, პროგრამირებადი ფლეიტა, რომელიც პარიზელ ელიტას ართობდა, ეს მინიშნება ხომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა იმ დროისთვის. მსგავსი გართობა თითქოს სერიოზული საკითხებისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ საბოლოოდ ტექნოლოგიური რევოლუციის საწყისი აღმოჩნდა, რომელმაც შეცვალა მსოფლიო. იქ ვიპოვით მომავალს, სადაც ადამიანები ყველაზე კარგად ერთობიან.